მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 562 ქალმა წერილით მიმართა.
განცხადებაში ღიად წერია, რომ მათ აერთიანებთ ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა. ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის – გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად.
წერილი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას და არის ღია – მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეუერთდნენ.
“ქალბატონო სალომე,
გადადგით ნაბიჯი, რომელსაც თქვენგან საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს. იმოქმედეთ, რათა თანამედროვე საქართველოში მეორედ და დიდი ხნით არ დავკარგოთ ძალა ერთმანეთის გაგონების. ერთმანეთში ადამიანის პოვნისა და დაფასების.
გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება – მიხეილ სააკაშვილის გასანთავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად. არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა.
სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ. მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – დამოუკიდებელი, პროდასავლური საქართველოს იდეისთვის, სადაც არავინ შეიძლება დევნონ, აწამონ და მოკლან ვლადიმირ პუტინის სცენარის მიხედვით.
მოგიწოდებთ, შეასრულეთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური, ისტორიული და ადამიანური ვალდებულება”,- ნათქვამია განცხადებაში.










