ცნობილმა ესპანელმა ექიმმა რამონ კუგატმა, რომელიც საფეხბურთო სამყარომ “ბარსელონაში” მუშაობის შემდეგ გაიცნო რამდენიმე საათის წინ, მის კოლეგასთან, მონსერატ გარსიასთან ერთად გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ისინი ცნობილ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს მხარს უჭერენ.
როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში ეგრეთწოდებული საზღვრის გადაკვეთის გამო ოკუპანტებმა დააკავეს და დღემდე საპყრობილეში რჩება. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში პაციენტის მოსანახულებლად და მისთვის დახმარების გასაწევად იმყოფებოდა. ცნობილი ესპანელი ექიმების წერილში ვკითხულობთ:
“ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ჩვენთვის ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილიც დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.
როგორც ჩვენ გავიგეთ ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი ექიმის პროფესიით გახლდათ ნაკარნახევი და პაციენტის მონახულება იყო.
უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განსაჯონ და გთხოვთ, რომ ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რათა მისი, მისი ოჯახის და მისი მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.
თუ არსებობს რაიმე, რითიც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ. გარწმუნებთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო”.