დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვართან მდგომ შეიარაღებულ ე.წ მესაზღვრეებთან.
კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში.
ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც.
გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.