“ პუტინმა უკვე ყველა ზღვარი გადაკვეთა, მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინაა“, – ამბობს ბილ ბროუდერი, „მაგნიტსკის სამართლიანობის გლობალური კამპანიის“ ლიდერი და აქტივისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში თავისი ახალი წიგნი წარადგინა.
ბროუდერი წლებია დასავლეთში რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი ოფიციალური პირებისა თუ ოლიგარქების სადამსჯელო ღონისძიებების, სანქციების მიღება-გაძლიერების კუთხით მუშაობს. მისი ეს მცდელობა საკანონმდებლო ინიციატივადაც იქცა, რომელიც „მაგნიტსკის აქტის“ სახელითაა ცნობილი. ეს სახელი კი მის თანამშრომელს, სერგეი მაგნიტსკის უკავშირდება.
იურისტსა და აუდიტორს, რომელმაც დაადგინა, რომ 230 მილიონი დოლარი, რომლის გადასახადებისგან დამალვასაც ბროუდერის კომპანიას ედავებოდნენ, სინამდვილეში თავად ოფიციალური უწყებების ორგანიზებული თაღლითური სქემა იყო. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, ერთი წელი ციხეში ისე გაატარა, რომ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე კი გარდაიცვალა. პატიმარი ამბობდა, რომ მას სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ მასთან მოპყრობა წამების ტოლფასი იყო და ის ციხეში მოკლეს.
ბროუდერი მას შემდეგ სამართალს ეძებს. ცდილობს, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ და მთავრობამ შექმნას მექანიზმები იმისთვის, რომ სანქციები დაუწესოს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს და გაყინოს მათი ქონება.
„მაგნიტსკის აქტი“ არის პირველი ასეთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც 2012 წელს ამერიკაში მიიღეს, შემდეგ კი მსგავსი კანონი 33 სხვა ქვეყანაში ამოქმედდა. მათ შორის ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში. ბროუდერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი რაფაელ სააკოვი ესაუბრა:










