10 დღეში კვერცხი დაახლოებით 10-15 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ “საქმიან დილაში” კვერცხის ადგილობრივმა მსხვილმა მწარმოებლებმა განაცხადეს.
ამის მიზეზი გაზრდილი კომუნალური გადასახადები, გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ბიზნეს გარემო და ინფლაციური წნეხია.
„მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელი გაძვირების შემდეგ კვერცხზე ფასი, შესაძლოა, იანვრის შემდეგაც გაიზარდოს.
“კვერცხი, შეიძლება, კონკრეტულად 10%-ით გაძვირდეს, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, კვერცხის ფასი, დაახლოებით, 15%-მდე გაიზრდება, თუ არაფერი სასიკეთო არ მოხდა. ხორბალი 1.2 ლარი ღირს, როდესაც ჩვენ წელი 0.9 ლარზე გვქონდა დაგეგმილი. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა, ერთი კვირა კიდევ შევხედავთ და თუ ხორბალი კიდევ გაძვირდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ყველაზე ძალიან ფასის ზრდა მწარმოებელს არ სიამოვნებს, რადგან ამ დროს რეალიზება იკლებს და იზრდება თვითღირებულება, რომელიც აგებულია იმ კომპონენტებზე რომლის ფასი ბოლო 1.5 წელია რეკორდებს ხსნის“, – აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.










