ზღვის მარილი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მიკროელემენტთა მთელ კომპლექსს – იოდს, ნატრიუმს, კალციუმს, სელენს, თუთიასა და მრავალ სხვას. ასეთი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ის ოდითგანვე ორგანიზმის გამაჯანსაღებელი პოპულარული საშუალებაა.
ზღვის მარილი ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ის ღრმად აღწევს ქსოვილებში, აუმჯობესებს მათ სისხლით მომარაგებასა და მიმოქცევას, აჯერებს ჟანგბადით და ამით აჩქარებს უჯრედულ ცვლას. ეს ეხმარება თმის კვებას, ჩერდება ცვენა და აქტიურდება სტრუქტურის ზრდისა და აღდგენის პროცესი. ზღვის მარილი აწესრიგებს კანის ცხიმოვან ბალანსს, რაც პანაცეაა თმის მომატებული ცხიმიანობის სამკურნალოდ.
ზღვის მარილს გააჩნია შესანიშნავი გამწმენდი ეფექტი, თავის კანში შეზელისას ქერტლისგან ათავისუფლებს კანს.
ზღვის მარილი თმისთვის სუფთა სახითაც გამოიყენება და სხვადასხვა ნიღბის, ბალზამის, ლოსიონისა და ტონიკების შემადგენლობაშიც. ზღვის მარილისა და მის საფუძველზე დამზადებული პროდუქციის შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.
თმის გასაძლიერებლად და გასაჯანსაღებლად ძალიან ეფექტურია ზღვის მარილის ნიღბები, მაგრამ გამოყენების რამდენიმე წესია გასათვალისწინებელი:
- არ გამოიყენოთ ზღვის მარილის ნიღბები, თუ თავის თმიანი ნაწილის კანს მცირე ნაკაწრი ან დაზიანება აქვს;
- მარილი თმისთვის მხოლოდ კვირაში 2-ჯერ შეიძლება. უფრო ხშირი გამოყენებისას უკუშედეგია მოსალოდნელი – თმა დაკარგავს მოცულობას, სიგლუვეს, გაუხეშდება და დავარცხნისას არ დაგემორჩილებათ;
- მშრალი კანისთვის მარილი კვირაში მხოლოდ ერთხელ მოიხმარეთ, ცხიმიანი ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის კი კვირაში 2-ჯერ;
- მარილის ნიღაბი უნდა წაისვათ მხოლოდ სველ თმასა და კანზე;
- მკურნალობის ოპტიმალური კურსი თვეში 6-8 პროცედურაა, არანაკლებ 2,5-3 თვე, შემდგომი შესვენებით.










