თალიბებმა ავღანელ ქალებს ქაბულის უნივერსიტეტში სწავლა და მუშაობა აუკრძალეს. როგორც თალიბანის მიერ დანიშნულმა უნივერსიტეტის ახალმა კანცლერმა განაცხადა, შეზღუდვა მანამ გაგრძელდება, სანამ “სრულად ისლამური გარემო არ შეიქმნება”.
მუჰამედ აშრაფ გაირათმა მანამდე ტვიტერზე დაწერა, რომ უნივერსიტეტი მუშაობს ქალი სტუდენტების სწავლების გეგმაზე, თუმცა არ დააკონკრეტა, როდის შეიქმნება ახლი გეგმა.
“ქალი პედაგოგების სიმცირის გამო ვმუშაობთ გეგმაზე, რომ კაცმა პედაგოგებმა ქალებს საკლასო ოთახში ფარდის მიღმა ასწავლონ. ასე შემთხვევაში, ქალი სტუდენტებისთვის ისლამური გარემო შეიქმნება”, – დაწერა გაირათმა.
თალიბანი ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა. ამ პერიოდში ქალებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ეპყრობოდნენ, აიძულებდნენ ქორწინებას და უზღუდავდნენ უფლებებს.