ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს და საქაართველოში საველე ჰოსპიტალების მოწყობას გმობს. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული მეთოდი ზოგიერთმა ქვეყანამ წელიწად-ნახევრის წინ გამოიყენა, მაშინ, როცა ვირუსის შესახებ არაფერი იცოდა და არც შესაბამისი მართვის სიტემა ჰქონდა შემუშავებული.
მისი შეფასებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე პასუხისმგებელმა პირებმა ვერაფერი ისწავლეს.
„გადადის კედლიდან კედელზე სურათები, დიღომში საველე ჰოსპიტალი იხსნება, რომელიღაც სპორტულ დარბაზშიო. არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, მაგრამ ნამდვილად სამწუხარო ფაქტია (რბილად რომ ვთქვათ) რომ ყველა ქვეყანამ ისწავლა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში პანდემიის მართვა და შენ ამ დროს აკეთებ იმას, რაც შარშან დაჭირდა რამდენიმე ქვეყანას როცა ბევრი რამ უცნობი იყო ვირუსის ირგვლივ. ანუ, ვერაფერი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ ისწავლე…
თუმცა, რამდენიმე დღის წინ ერთი სურათი შემხვდა, რომელიც იმიტომ იყო გაზიარებული, რომ ეჩვენებინათ, რა თავგანწირულად მუშაობენ ქართველი ექიმებიო. მე კი, პირიქით ამ სურათს საერთოდ არ გამოვაჩენდი, რადგანაც აჩვენებს, რამდენად ცუდად არის საქმე. ამ სურათის შემხედვარე ისე უნდა შეგეშინდეს, რომ დღედაღამ ილოცო არ მოხვდე სამედიცინო დაწესებულებაში, არაფერს ვამბობ რა შედეგების დადგომას უნდა ელოდო ქვეყანაში“, – წერს ზაზა წერეთელი.