მეხანძრე-მაშველებმა სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ჩატარებულ სწავლებაში 30 მეხანძრე-მაშველი, ორ ჯგუფად მონაწილეობდა.
ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ორი კვირის განმავლობაში, წყალზე სამაშველო ჯგუფის წევრებს სპეციალური პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს, რომლის მიზანი სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების და წყლიდან მოქალაქის დროულად და უვნებლად გამოყვანის კუთხით ჯგუფის შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო. სწავლების ფარგლებში, მაშველები გადაემზადდნენ სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშუალებების და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებითაც.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება ბორჯომში გაიმართა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში, ამერიკელი პარტნიორების მიერ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 მეხანძრე-მაშველისთვის შესყიდულ იქნა სპეციალური პირადი უსაფრთხოების ეკიპირება (სამაშველო ჩაფხუტი, კოსტუმი და ა. შ.)
სწავლებას ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიის სამხედროები და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენელი, ჯამში 15 მონაწილე.
წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა სწავლების მონაწილეებს მიღებული ცოდნის დასადასტურებლად სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს.