„გუშინ, რუსთაველიდან ფეხით დავიძარი, ვსეირნობდი და ნელ-ნელა ორთაჭალისკენ მივდიოდი. მეტეხის ხიდს რომ მივუახლოვდი, ხიდის ქვეშ დამხვდა ეს ბავშვი, ზუსტად ეს ეცვა თან, და გამომელაპარაკა.
სახლში წასასვლელი ფული არ მაქვს და ხომ ვერ დამეხმარებიო. სახეზე ისე გამოიყურებოდა, ვიფიქრე ნაცემი იყო. ვუთხარი, ზემოთ ავიდეთ და ტაქსით გაგიშვებ, სად ცხოვრობ-მეთქი. მითხრა, ვაზისუბნის დასახლებაში, მერვე კორპუსშიო.
ვაზისუბანი ჩემი მეორე შინაური უბანია და თან, ზუსტად მერვე კორპუსი. ჩემი ძმები მანდ ცხოვრობდენ, 6 წლიდან დავდივარ ამ უბანში და რაღაც პერიოდი ვცხოვრობდი კიდეც. ჩემს ძმებს აქ ყველა იცნობს, აი საერთოდ ყველა, მით უმეტეს, ამ ბიჭის ტოლები.
ვკითხე, იცნობ-მეთქი? არაო.
რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. არაფერიო, შეყვარებულის სანახავად მივდიოდი, ვიღაცები დამხვდნენ, ნაჩხუბარი ვარო. ძალიან შეშინებული იყო. რამდენმა ტაქსმაც გაიარა, იმდენზე მეუბნებოდა, აგე ტაქსი, ჩამსვი ახლაო. არ გვიჩერებდა ტაქსები, ამიტომ აბანოებთან გადავედით და იქიდან ავიყვანეთ.
მანამდე კითხვებს ვუსვამდი. ნაცემი ხომ არ ხარ? მშიერი ხომ არ ხარ? ხომ არ გეშინია? – ცოტაო. ვუთხარი, დედაშენის ან მამაშენის ნომერი მითხარი, დავურეკავ-მეთქი რომ დაგხვდნენ-თქო. არ ვიციო ნომერი.
ვაზისუბნის დასახლებაში, მერვე კორპუსში გამიშვიო. ჩავსვი ტაქსიში და გავუშვი. ხოდა, ახლა მაწუხებს კითხვა, რა უნდოდა ამ ბავშვს იქ? ან ამდენი ხანი სად იყო? ოთხი დღე ხალხო. ვაჰ, ძაან უცნაურია“, – ვკითხულობთ დიმიტრი სანაიას პოსტში.
ცნობისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგული 14 წლის ბიჭი დღეს იპოვეს. მოზარდი ოჯახში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
დეიდის ინფორმაციით, ბავშვმა თქვა, რომ თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა. სოფელში კი სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიჭი სახლიდან დაუკითხავად გავიდა, თუმცა, სხვა დროს გაუჩინარების შემთხვევა არ ყოფილა.
მოზარდს სამართალდამცველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.










