მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ ორშაბათიდან დაიწყოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.
“ქალბატონი ტიკარაძის ხელმძღვანელობით, მთელი სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული.
ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან და მათთან სრულ კოორდინაციაში ვართ იმისთვის, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.
ჩვენი მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე როგორც ჩვენ პანდემიის დასაწყისში მოვიქეცით და ვაჩვენეთ მართლაც უმაღლესი პასუხისმგებლობის დონე.
ახლა ამ პროცესში, ვაქცინაციის პროცესში არის გადამწყვეტი სწორედ ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა.
ჩვენ ერთის მხრივ, უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო მყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა.










