ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების „SkyUp“ – ის, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა“ და „ბელავიას“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებისა და განახლებული საექსპლუატაციო პირობების შესახებ.
„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან. მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რათა აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ვუმასპინძლოთ,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიებთან შეხვედრების პარალელურად. მისი თქმით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთან, რათა მათ ფრენები ქუთაისში და ქუთაისიდანაც შეასრულონ.
“ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.










