“სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს” – ხვალ, 6 ივნისს, 14:00 საათზე, პუშკინის სკვერში შუქრუთელი მოშიმშილეების სოლიდარობის აქცია ჩაინიშნა. შუქრუთელი მოშიმშილეები, ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას უკვე 100 დღეზე მეტია, აპროტესტებენ.
“სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები დიდი ხანია პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ, რაც ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, მათ პროტესტის უკიდურეს ზომას – პირის ამოკერვასა და შიმშილობას მიმართეს. შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
სოფელ შუქრუთში დაწყებული პროტესტი უკვე 100 დღეზე მეტია გრძელდება. ისინი ითხოვენ, რომ ჯორჯიან მანგანეზმა შესაბამისი კომპენსაციები მისცეს იმ ზარალის სანაცვლოდ, რაც ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებს მადნის მოპოვებისას მიადგა.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ აქციის გამო, შანტაჟისა და მუქარის ადრესატებიც გახდნენ და პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვებასთან ერთად ნარკოტიკისა და იარაღის ჩადებითაც ემუქრებიან. მოშიმშილეები ჭიათურიდან ჩამოსულმა გამომძიებელმა უკვე გამოკითხა.
რამდენიმე დღის წინ, პირამოკერილი შუქრუთელები თბილისში ჩამოვიდნენ და პროტესტს ამერიკის საელჩოს წინ აგრძელებენ. შიმშილობის 25-ე დღეს კი მათ წყლის მიღებაზეც უარი თქვეს.










