“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანი არ უნდა იყოს რექტორი, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს კი პროფესორ-მასწავლებლები უნდა ირჩევდნენ.
კანონპროექტის საჭიროებაზე გიორგი ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.
“ახალგაზრდების თხოვნით ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი დავარეგისტრირეთ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანი არ იყოს მომავალში ლექტორი და მეორე, უმაღლესი სასწავლებლის რექტორი აირჩეოდეს პირდაპირი ფარული კენჭისყრით პროფესორ-მასწავლებლების მიერ… დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი იქცა “ქართული ოცნების” მიერ დასჯილი ადამიანების ნავსაყუდელად, პრორექტორები, კანცლერები არიან უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატები და ა.შ. “,- თქვა გიორგი ვაშაძემ.
პარტიის ლიდერმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგალითი მოიყვანა, სადაც სტუდენტებმა რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომა მოითხოვეს. სტუდენტები ამბობენ, რომ მიუღებელია უნივერსიტეტს მართავდეს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.










