ახლა შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის ახალ საფეხურზე ავიყვანოთ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე სიტყვით გამოსვლისას არჩევნების პერიოდში მედიის როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მედიამ საზოგადოებას დამშვიდების საშუალება უნდა მისცეს. ამასთან, პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიაში გარე ჩარევის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.
„შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა. პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა. ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით მივაღწიეთ, ახლა შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და სახელმწოფოებრიობის ახალ საფეხურზე ავიყვანოთ, ანუ ჩვენზეა და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორედ ასე მყარდება. რაც მეტია დამოუკიდებლობა, მით მეტია პასუხისმგებლობა.
ეს ყველას გვეხება პირველ რიგში ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს, მათ დისკუსიის და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩეველთა აქტიურობით გამოიხატება, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში აუცილებელია მან საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება. უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.










