იაპონიაში, სიდიდით მეორე ქალაქის – ოსაკას საავადმყოფოები კორონავირუსიანი პაციენტებით გადავსებულია.
კლინიკებში ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტია, რის გამოც ჰოსპიტალების ქსელი კოლაფსის ზღვარზეა.
გასულ კვირას, ოსაკაში მძიმე შემთხვევებისათვის განკუთვნილი საწოლფონდის 96% უკვე დაკავებული იყო.
იაპონიამ, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით მოახერხა, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თავიდან აეცილებინა კოვიდ-აფეთქებები, თუმცა დღეისათვის იქ უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
ოსაკაში, გასულ კვირას ინფიცირების უკვე 4,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 5-ჯერ აჭარბებს თებერვლის თვის სტატისტიკას.
კორონავირუსით ინფიცირების ასეთი სწრაფი ზრდის ტენდენციების გამო, ზოგიერთი მედიკოსი მიიჩნევს, რომ იაპონიაში ოლიმპიადა ხელმეორედ უნდა გააუქმონ.
ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების ჩატარება იაპონიაში 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იგეგმება.