საბერძნეთის ქალაქ ატიკში დაკავებულ ქართველებს შორის, სამი კახეთის რეგიონიდან არის – ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს.
ორი დაკავებული, თელავში მცხოვრები თამაზ შინგაზრდილოვი და სოლომონ არაბაშვილი, მესამე კი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ეკატერინე კოლოტაძეა.
დაკავებულების ოჯახის წევრებისათვის ფაქტის შესახებ ცნობილი არ იყო. თენგიზ შინგაზრდილოვის ბებიის განმარტებით, მამაკაცი, მეუღლესთან ერთად საბერძნეთში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა.
დაკავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდათ, სოლომონ არაბაშვილის ოჯახშიც. ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი, საერთაშორისო გადაზიდვების ოფისში მუშაობდა და საბერძნეთში, ოთხი წლის წინ, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა.
„პრაიმტაიმი“ ამ დრომდე ცდილობს გურჯაანში მცხოვრები, ეკატერინე კოლოტაძის ოჯახთან დაკავშირებასაც.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, რა დროსაც დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა (კომპიუტერები და ტელეფონები), საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა.










