ENKA-ს დირექტორი, მერაბ ლომინაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ნამახვანჰესსა და მის ირგვლივ მიმდინარე პროტესტზე საუბრობს. ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან სიტუაციის განსამუხტავად.
“მზაობა გამოვხატეთ, ჩავერთოთ კონტრაქტის განხილვაზე. ის საჯაროა და ჩვენ მზად ვართ, რომ ძალიან კომპეტენტური კვლევები განვახორციელოთ, ჩავრთოთ კომპეტენტური ადამიანები და განვმუხტოთ სიტუაცია. ყველა მხარე ჩაერთვება ამ პროტესტში, იქნება ეს საზოგადოების ჯგუფები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია თუ სხვა მხარე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველასთან ვითანამშრომლოთ… გვინდა, რომ სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას…” – ამბობს მერაბ ლომინაძე.
მისივე თქმით, ნამახვანჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება და ეს ელექტროენერგიასაც გააიაფებს.
ნამახვანჰესის აშენება ენერგოდამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი იქნება. ეს იქნება ის სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომლითაც ჩანაცვლდება სრულად იმპორტირებული ელექტროენერგია. მოგეხსენებათ, რომ ტარიფები განსხვავებულია – არის პიკური ტარიფები და დღის ტარიფები. პიკურ ტარიფებში ქვეყანა იხდის დაახლოებით 9-დან 10 ცენტამდე. მაშინ როდესაც ნამახვანჰესის პროექტით გათვალისწინებულია 6,2 ცენტი, შესაბამისად, ცხადია, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის მომგებიანია, – განმარტავს ლომინაძე.
მისივე თქმით, ნამახვანჰესის აშენება ტვიშის უნიკალურ სახეობას არ გაანადგურებს.










