ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე, ეს იყო სამბალიანი კომა, სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ მეგი ბაქრაძეზე საუბრისას განაცხადა.
რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანისთანავე მეგი ბაქრაძის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.
“როდესაც ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს ჩვენთან, ის იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ეს სავარაუდოდ გამოიწვია აცრის შემდგომმა ანაფილაქსიურმა რეაქციამ, რომელიც მივიდა გულის გაჩერებამდე. გულის გაჩერება დაფიქსირდა აღნიშნულ კლინიკაში (ახალციხეში), მოხდა წარმატებული რეანიმაცია, თუ შეიძლება მას წარმატებული ეწოდოს. პაციენტი ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. როდესაც შემოვიდა ჩვენთან მდგომარეობა იყო მძიმე, სუნთქვა იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტვილაციაზე, წნევა მკვეთრად არასტაბილური, საჭიროებდა მეგადოზებით ჰერმოდინამიკის შენარჩუნებას. ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე, ეს იყო სამბალიანი კომა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა” – განაცხადა ლევან რატიანმა “რუსთავი2”-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს









