გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტსა და სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ESO) მომუშავე მეცნიერებმა ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ყველაზე შორიდან მომავალი რადიოსიგნალის წყარო აღმოაჩინეს. ეს P172+18-ის სახელით ცნობილი კვაზარია, რომლისგან წამოსულ გამოსხივებასაც დედამიწამდე მოსაღწევად 13 მილიარდი სინათლის წელი სჭირდება. მკვლევართა ნაშრომი უახლოეს მომავალში გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდება.
კვაზარები გალაქტიკის ცენტრში არსებულ რეგიონებს ეწოდება. ისინი კოსმოსის ყველაზე ნათელ ობიექტებს შორის მოიაზრებიან და წარმოიქმნებიან მაშინ, როდესაც სუპერმასიური შავი ხვრელის მძლავრი გრავიტაცია გარემომცველ მატერიას იზიდავს და თავის გარშემო მბრუნავ დისკს ქმნის. აღნიშნულ პროცესში დიდი ოდენობით ენერგია გამოიყოფა, რაც კვაზარებისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ სიკაშკაშეს განაპირობებს. ამ დროს რადიოტალღების მსგავსი სიხშირის მქონე სიგნალებს მხოლოდ მათი 10 პროცენტი აგზავნის. სწორედ ასეთია P172+18, რომელიც ჩვენგან რეკორდული მანძილითაა დაშორებული.
ნაშრომის ავტორებს ახალი მიგნება მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ კვლევისას მოპოვებული მონაცემების მეშვეობით P172+18-ის მსგავსი კვაზარების შესახებ მეტის გაგებას შეძლებენ და უახლოეს მომავალში კიდევ მრავალ ასეთ ობიექტს აღმოაჩენენ.










