ყველას გავცემ პასუხს დოკუმენტებით, ვინც ქალაქისა და ჩემს ღირსებას უდიერად მოიხსენიებს – ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ბიუჯეტის თანხების სარესტორნო მომსახურებაში დახარჯვაზე ბრალდებებს პასუხობს:
“ეს იყო ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალური თამაშისთვის “ვერას” კალათბურთელთა მასპინძლობის თანხა, თავისი სასტუმროთი და კვებით. მე ასე დოკუმენტებით გავცემ პასუხებს მათ, ვისაც გასაცემი აქვს. მეორე საკითხი რომელიც მომსახურებიდან გავიდა ეს იყო ჩვენი ექიმებისა და კლინიკების დაჯილდოვება ბროლის თასებით, რომელზედაც დაეწერა “მადლობა მათ კოვიდში გაწერული ღვაწლისთვის”. სხვა ხარჯი არ ყოფილა გაწეული. ყველას მინდა გთხოვოთ გადავამოწმოთ ინფორმაცია. მე ყველას გავცემ პასუხს ასე დოკუმენტებით, ვინც ჩვენი ქალაქის და ჩემს ღირსებას უდიოერად მოიხსენიებს. მე ისე მიცხოვრია და მიკეთებია ჩემი საქმეები არაფერი არ მჭირს იმის რომ ქუთაისელ ხალხს დავემალო.” – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ცნობისთვის პარასკევს ქუთაისის მერიასთან გამართულ აქციაზე აქტივისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში დაადანაშაულა. მათი თქმით, პანდემიის დროს მერი და თანამდებობის სხვა პირები ათასობით ლარს ხარჯავენ ქეიფში.