პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრაზე გაარკვევს, რამდენადაა მმართველი გუნდი მზად ოპოზიციის ოთხი მოთხოვნიდან სამი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტარაციის ცვლილება, შეასრულოს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა.
„გუშინ მქონდა კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან. დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვედროდით “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, მათაც დაადატურეს ეს მზაობა, საღამოს თალაკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს 11:00 საათზე, მე და ლევან იოსელიანი მოვსულიყავით – მოვედით. რამდენადაც ვიცით, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა. ვისაუბრებთ, 4 მოთხოვნაზე, რაც მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში იყო, რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” სერიოზული მზაობა. ეს გვაინტერესებს. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, ასე ვფიქრობთ. ჯერ უნდა გავიგოთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ელისაშვილმა გუშინ “ქართულ ოცნებას” შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, სწორედ მას შემდეგ მიიღებს პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას, რაც მმართველი გუნდისგან მოისმენს, აპირებს თუ არა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე დათანხმებას.
ამასთან, გუშინ ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვდებოდა, რადგან ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს. ამასთან, მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში უნდა შედგეს შეთანხმების დოკუმენტიც, რომელსაც ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ ადგილზე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებიც იქნებიან.









