მიშას კოალიციის მსგავსი შემოთავაზებაც ჰქონდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მეორედ არჩეული მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციის წინ (2008 წლის 20 იანვარი) იგი მიშას, ასევე მის იმდროინდელ გუნდს შეხვდა შავნაბადაზე და „სატელევიზიო სიხშირეზე“ ელაპარაკა – და ასევე იპოდრომის საპროტესტო აქციის დაშლაზე, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ინაუგურაციის ჩაშლა, მახსენდება:
რესპუბლიკელთა ოფისში მაშინ ითქვა, რომ ლევანი თვითონ იყო ამ შეხვედრაზე მიშასთან – ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს. აღნიშნულ სხდომას, რომელიც დაახლოებით ღამის 10 საათზე შედგა, ასევე მახსოვს ჩემს გარდა ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ზურაბიშვილი, თორთლაძე და გუნცაძე ესწრებოდნენ. “უცნობზე” საუბარი არ მახსოვს, თუმცა შეიძლება ძმები ერთად იყვნენ. სხვათა შორის, იმავე ღამით ირაკლი ბათიაშვილი სახლში დაბრუნდა ციხიდან – მისი გაშვება ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
ჭორის დონეზე ასევე ითქვა, ოღონდ არა ხმამაღლა, რომ მიშას კოალიციის მსგავსი შემოთავაზებაც ჰქონდა – აღნიშნულ ოპოზიციურ ფორმატს რამოდენიმე პორთველი. აქედან, ლევან გაჩეჩილაძე ან პრემიერი ან ვიცეპრემიერი, დათო უსუფაშვილი – იუსტიცია, თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭო, მე კულტურა, რატი ამაღლობელი (რომელიც მხოლოდ “მეგობრობდა” ოპოზიციასთან, ოღონდ ფორმატში არ იყო) განათლება. ასევე რამოდენიმე მინისტრის მოადგილის პოზიციაც. ეს როგორც მოლაპარაკების საგანი, თუმცა არც განხილულა ჩვენი მხრიდან.რაც შეეხება იპოდრომის აქციას, იგი დაიგეგმა ოპოზიციის შტაბბინაში თოფურიძის ქუჩაზე. რამოდენიმე დღით ადრე გამართულ სხდომაზე მე ჩემი პოზიცია ვთქვი: ან შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე და ვიმოქმედოთ სიტუაციის მიხედვით, ან იპოდრომიდან დავიძრათ ისევ გმირთა მოედნისკენ და მერე ვნახოთ. ეს იდეა მხოლოდ კახა შარტავას მოეწონა. სხვებმა მხარი არ დაუჭირეს. ცხონებულ კობას ცოტა უცნაური შემოთავაზება ჰქონდა: მოდით იპოდრომიდან დავიძრათ სააკაძის ძეგლამდე, შემოვუაროთ და ისევ იპოდრომზე მოვიდეთო. ვუთხარი რაღაც ტროლეიბუსის მარშრუტს გავს მეთქი. საქმე კი თავიდან ოთხ კაცზე აღიძრა: ჩემზე, ჩემს ძმაზე, ცოტნეზე (რომელიც იმყოფებოდა მოსკოვში და საერთოდ არ იყო ოპოზიციურ ფორმატში) ლევან ბერძენიშვილზე, გოგა ხაინრდავაზე.” – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუკზე.
ცნობისთვის გია გაჩეჩილაძემ, რომელიც წლების წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა რომ, 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტური უნდა გამართულიყო გია გაჩეჩილაძის ძმასა (ლევან გაჩეჩილაძე) და მიხეილ სააკაშვილს შორის.
“მომინახეს მეგობარი, რომელმაც ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან შესახვედრად. ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რო ავედით, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა, რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, პირდაპირ სიტყვებს გეუბნები, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, არ გიჯერებ-მეთქი, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე-მეთქი, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონოო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი [დასრულდებაო]. უბრალოდ, კენია ხო არ ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ავტეხოთ ახლა სისხლისღვრა, ხო იცი, შეგვიძლიაო და ისეო, რომ თან არავინ გააშუქებსო. კარგი, მომეცი-მეთქი [სიხშირე], სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლის ღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა… ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.










