ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი, ზურა გურული, სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და წერს, რომ ქვეყანა ფატალურ ჩიხში იმყოფება და არაერთ ადამიანს იმსხვერპლებს… ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს:
“უაღრესად კრიტიკული ჟამი უდგას საქართველოს. ქვეყანა ლოგიკურად შევიდა გამოუვალ, ფატალურ ჩიხში, რომელიც არაერთ ადამიანს იმსხვერპლებს. ის, რაც დღეს ხდება, სამწუხაროდ ლოგიკური გარდაუვალობაა, რომლისკენაც თანმიმდევრულად მივექანებოდით.
წარმოიდგინეთ უზარმაზარი კომერციული თვითმფრინავი, რომლის პილოტის გამოცდილების მაქსიმუმი ერთადგილიანი ფანერის პლანერით ფრენაა; წარმოიდგინეთ რთულ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ქირურგი, რომლის საოპერაციო გამოცდილება ფურუნკულის დრენირებით შემოისაზღვრება;
წარმოიდგინეთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ტერორის დონე, ასევე მლიქვნელობისა და უგუნურების ხარისხი, როდესაც ზემოხსენებულ „ქირურგსა“ და „პილოტს“ ტაშს დაუკრავენ თავად იმ თვითმფრინავში და საოპერაციო მაგიდაზე მყოფნი; დაუკრავენ ხმამაღლა, მქუხარედ, ერთგვარი ნიშნის მოგებითაც იმათ მიმართ, რომლებსაც ამ თვითმფრინავში იძულებით უწევთ უპარაშუტოდ ჯდომა, ან იმათ მიმართ, რომლებიც იმ „ქირურგის“ საოპერაციო მაგიდაზე არტახებით დააკრეს და გაამზადეს საოპერაციოდ.
13 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 73154- ს შეადგენს.
გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, ჯამში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 636-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 2447, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4957 ადამიანი იმყოფება. კოვიდსასტუმროში 3413 ადამიანი მკურნალობს.










