სპეკულაციები ჩემს საპარლამენტო მდივანზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პატიმართა შეწყალების საკითხზე განმარტება გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პროცესში ჩართული არ ყოფილა.
„იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ნახსენები იყო ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არც არანაირი რჩევა მიმიღია და არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის, რას ფიქრობდა რომელიმე გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, ეს არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, რომ არეული იყოს, მითუმეტეს ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე და პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.