რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით – მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი, – ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ფარისევლობა, როდესაც ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ.
„ვინც ეზიარება, ვინც მაზიარებელია, ის არის ქრისტესთან. თუ დაცილებულია ადამიანი და ეკლესიური არ არის, ის ღმერთთან არ არის. მე, ჩემს წინა ქადაგებაში, ყველა ჩემს წინადადებას ახსნას გავუკეთებ – რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. როგორც დღეს, სახარებაში თქვენ მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხგყოფენო, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი და ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის იმიტომ, რომ მას არ სურს, რომ დაიღუპოს. რწმენა ეშმაკსაც აქვს, ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობის არის ეკლესიური ცხოვრება, რომ ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხონება გვინდა. ჩვენი სული უნდა ცხონდეს. აი, ეს არის მორწმუნეობა, ეს არის ეკლესიურობა. ბევრს ჰგონია, რომ სანთლით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეს არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა – ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა, ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობაა ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“- განაცხადა მეუფე იობმა.










