”ჩვენ დღესაც გვყავს ის მართლმსაჯულება, რომელიც გვყავდა საბჭოთა კავშირის დროს და ივანიშვილის ხელისუფლებაც განაგრძობს რუსულ ხაზს.” – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ აქციაზე განაცხადა.
ქუთაისში ე.წ სიყვარულის ბაღთან გამართულ აქციაზე დავით გარეჯის საქმეზე ადამიანების დაკავება გააპროტესტეს. მათი თქმით ხელისუფლებას მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვა სურს:
”ამ ხაზმა მოიტანა ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ წერტილს დავუსვამთ. ამ კარტოგრაფების საქმის შეწყვეტასთან ერთად ჩვენ სათავეს დავუდებთ ნამდვილ სასამართლოს, დამოუკიდებელს, ნაფიცი მსაჯულებით. ეს ცვლილებები აუცილებლად მოვა, მანამდე კი საზოგადოების ყურადღება ჩვენ უნდა მივაპყროთ სიმართლეს და არა იმ ბრალდებებს, რომელსაც ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებს უყენებს. ამ ქმედებებით ძაბავენ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორ აზერბაიჯანთან. ივანიშვილის ”ქართული ოცნება” სინამდვილეში არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.” – განაცხადა ოთარ კახიძემ.









