ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 98 იმერეთში დაფიქსირდა. მათგან ნაწილი ოქროს ბირჟის კლასტერია. ფალიაშვილის ქუჩაზე ძვირფასი ნივთების ორი მაღაზია დაკეტილია. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ვირუსი ოქროს ბირჟის 20 თანამშრომელს დაუდასტურდა, რომლებიც კლინიკებში არიან მოთავსებული, კონტაქტები კი იზოლაციაში იმყოფებიან. ინფიცირებულთა 70% ქუთაისზე მოდის. მათგან ნაწილი ძველ კლასტერებს უკავშირდება, არის ერთეული ახალი შემთხვევები, რომელთა წყაროების დადგენაც მიმდინარეობს.
ასევე ინფიცირების ერთეული შემთხვევა გამოვლინდა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში. გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის გავრცელების ძირითად კერებს სავაჭრო ცენტრები წარმოადგენს. გუბერნატორი მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, იმერეთის კლინიკებსა და კოვიდცენტრებში 320-მდე პაციენტია. გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპზე საწოლფონდის პრობლემა არ არის.