თბილისში, საფეხბურთო კლუბში ”საბურთალო“ 21-ნომრიანი მაისური, რომლითაც შაქარაშვილი გამოდიოდა, კლუბის მუზეუმში შეინახება და ამ ნომრით ამიერიდან აღარავინ ითამაშებს.
„21-ნომრიანი მაისური სამუდამოდ მიეკუთვნება გიორგი შაქარაშვილს და მომავალი სეზონიდან, არც ძირითად და არც ასაკობრივ გუნდებში, ამ მაისურს აღარავინ ჩაიცვამს. მისი სახელობის სტადიონზე კი პატარა ფეხბურთელები დაფრთიანდებიან და შეეცდებიან მიაღწიონ იმ წარმატებებს, რომლის მიღწევაც გიორგის არ დასცალდა. თითოეული ნაბიჯი, რასაც ამ ანგელოზი ბავშვის უკვდავსაყოფად გადავდგამთ, მხოლოდ მცირედი ნუგეში და დაფასება იქნება გიორგი შაქარაშვილისა“, – განუცხადა ”რადიო თავისუფლებას” კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შაქარაშვილის სახელობის სტადიონის გახსნას „საბურთალოს” ხელმძღვანელებთან ერთად 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის წევრები, თანაგუნდელები და მეგობრები დაესწრნენ.










