სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. დაკავებული არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მასზე სამართალდამცავისგან ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით: სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნტქით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და და 335-ე მუხლით ( განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანთან გასაუბრება უკვე მოხდა და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო. როგორც დაკავებულის მამა განმარტავს, მის შვილს სთხოვდნენ ეთქვა, თუ რა მიმართულებით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.









