ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან სამი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. კორონავირუსზე სამივე პაციენტის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტალის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, აქ ლაბორატორიიდან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის საკონტროლო ტესტის პასუხი მიიღეს. აღმოჩნდა, რომ მას ვირუსი კვლავ უდასტურდება. კლინიკის მთავარმა ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აღენიშნება, თუმცა ვიდრე საკონტროლო ტესტზე ორგზის უარყოფით პასუხს არ მიიღებენ, პაციენტი კლინიკის ბოქსირებულ პალატაში დარჩება. აღნიშნული პაციენტი კლინიკაში ერთი თვის წინ მოათავსეს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 39 პაციენტი ჰყავს.
ამასთან, საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელების სიმპტომით პაციენტები კვლავ არ მიუღიათ. აქ ახალი კორონავირუსისგან სულ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.










