სახელმწიფომ აგროკრედიტის ფარგლებში თანამონაწილეობის საპროცენტო განაკვეთი გაზარდა, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა პრეზენტაციაზე დეტალურად ილაპარაკა იმაზე თუ რა დახმარებასა და შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს:
- ფერმერები ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 200 ლარს მიიღებენ. ეს თანხა პროპორციულად გადანაწილდება ყველა ფერმერზე.
- ფერმერები ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებენ, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.
- 42 ათასი ფერმერი საირიგაციო საფასურისგან 20 წლით გათავისუფლდება.
- სახელმწიფო ფერმერებს სასათბურე მეურნეობისთვის ტექნიკის შესაძენად 50%-იან გრანტებს გადასცემს
ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის მოიცავს შემდეგს:
- საბრუნავი საშუალებების კომპონენტში (ერთწლიანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენეტი) – საბანკო სესხი 5 000 ლარიდან 100 ათას ლარამდე. სრული თანადაფინანსება 17%, თანადაფინანსების პერიოდი 6 თვე.
- ძირითადი საშუალების თანადაფინანსების კომპონენტი – საბანკო სესხი 20 000 ლარიდან 1 500 000-მდე, თანადაფინანსება 11-12%. თანადაფინანსების პერიოდი 48 თვე.
- სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი – საბანკო სესხი 1 500 001-დან 5 000 000 ლარამდე, თანადაფინანსება 10%. თანადაფინანსების პერიოდი 24 თვე.
- ერთწლიანი კულტურების სესხისთვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება. ძირითადი საშუალების თანადაფინანსება 8%-ის ნაცვლად იქნება 11%; ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვლად იქნება 12%.
აგროკრედიტის ბიუჯეტი 74 მლნ ლარი იყო, სახელმწიფო დამატებით 7,5 მილიონ ლარს გამოყოფს.
სახელმწიფო დახმარება ასევე ითვალისწინებს 70%-იანი თანადაფინანსებას აგროდაზღვევაზე.
ფერმერები მიიღებენ 15 000 ლარამდე გრანტს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის;
ასევე გათვალისწინებულია 80%-მდე გრანტი რძის მწარმოებელი სექტორისთვის.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა განმარტეს, რომ შეღავათები და დახმარება შეეხებათ ფერმერებს, რომლებსაც მიწა დარეგისტრირებული აქვთ, ან მოახერხებენ რეგისტრაციას წლის ბოლომდე.
ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ფერმერები რეგისტრირებულები იყვნენ სამინისტროში, ფერმერთა სპეციალურ რეესტრში.
შეღავათები ძალაში 2020 წლის 20 მაისიდან შევა. დახმარების სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარს შეადგენს.










