ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარკვეულ ლოკაციებზე მდებარე მცირეკონტიგენტიანი ამბულატორიები გამონაკლისის სახით სახელმწიფო პროგრამაში დარჩნენ.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, ასეთი ამბულატორიების შემთხვევაში აქცენტი არა პაციენტების რაოდენობაზე, არამედ გეორგაფიული ხელმისაწვდომობი პრინციპზე გაკეთდა.
„ჩვენ რომ გადავთვალეთ როგორი მდგომარეობა იყო ბაზარზე, ზოგიერთი დაწესებულება შეერწყა ერთმანეთს, ანუ რაღაც სურათი დალაგდა. იმ ლოკაციებზე, რომლებიც რჩებოდა საყოველთაო პროგრამის მიღმა, საბჭომ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო და მინისტრის ბრძანებით გამონაკლისები დაიშვა. მაგალითად, ძალიან რთულია ლილოს ტერიტორიიდან უახლოეს ამბულატორიაში მოსვლა. შორი მანძილია, ასევე, ფონიჭალა, დაბა წყნეთის ამბულატორია, ზაჰესის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორია, დაბა მახინჯაურის ამბულატორია… ასეთი ამბულატორიების შემთხვევაში დაიშვა გამონაკლისები და მათ შემთხვევაში რაოდენობაზე არ იქნა აქცენტი გაკეთებული. პირიქით, გეორგაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით საბჭომ იმსჯელა და ეს ამბულატორიები დარჩნენ საყოველთაო პროგრამის ფარგლებში. ასე რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა პირდაპირ იყო გათვალისწინებული ჩვენი სელექციის კრიტერიუმებში და ამაზე თავიდანვე ვაპელირებდით,” – განაცხადა ადამიამ.










