ორსულებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც თითოეული ჩვენგანი ვიცავთ, – ამის შესახებ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორმა, ექიმ-რეპროდუქტოლოგმა, პროფესორმა არსენ გვენეტაძემ „იმედის დილაში“ ჩართვისას განაცხადა.
გვენეტაძეს კითხვით მიმართეს, პანდემიის პერიოდში ორსულების მკურნალობასთან მიმართებაში თუ შეიცვალა რაიმე და რა რისკები არსებობს მათთვის.
გვენეტაძის თქმით, ორსულებმა უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც სხვებისთვის არსებობს და თავიდან აირიდონ ზედმეტი ემოციური ფონი.
“ორსული ჯანმრთელი ადამიანია და ის ზედმეტი ემოციის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. რაიმე განსაკუთრებული რისკი მას არ აქვს. ორსულებს, რომლებმაც ეს ვირუსი გადაიტანეს, განსაკუთრებული პრობლემა არც უცხოეთში და არც საქართველოში არ გამოვლენიათ. რაიმე დამატებითი პრობლემა დღემდე ჩვენთვის ცნობილი არ არის. ორსულებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც ვიცავთ თითოეული ჩვენგანი. შესაძლოა, უფრო ყურადღებით, ვიდრე არაორსულმა ადამიანმა. სულ ესაა. განსაკუთრებული რისკი მათ არ ელოდება. კარგად ახსოვდეთ, რომ ორსულობა საუკეთესო ბედნიერების ხანაა და აქ გაფრთხილებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ზედმეტი ემოციური დატვირთვა, არასწორია”, – განაცხადა არსენ გვენეტაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.










