სააკაშვილის განცხადება პოპულისტურია და ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, დონორებიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს წლები ეკონომიკურ რეფორმებს განუხრელად ვახორციელებდით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გავხდით მსოფლიოში, ვისთანაც ამ პანდემიის პერიოდში სავალუტო ფონდმა თავისი პროგრამა განაახლა , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება იყო ე.წ. „მწვანე შუქი“ სხვა დონორებისთვის, რომლის შედეგადაც, საქართველომ გლობალური პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო დონორებისგან, ჯამში, 3 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა.
„ეს დახმარება უპრეცედენტოა დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე უჭირს, საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის. ასე რომ, წინა ხელისუფლების გამოცდილება, როდესაც მათ 2008 წელს 4 მლრდ-ის ოდენობის სესხი მოიზიდეს, დიდი ვერაფერი მისაბაძია იმიტომ, რომ 2008 წელს მსოფლიო დღევანდელი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისის წინაშე არ იდგა. დღეს არსებული გლობალური პანდემია, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის მასობრივ ლოქდაუნთან, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია როგორც დროის, ასევე შედეგების თვალსაზრისით და შესაბამისად თითოეული დოლარის უცხოური დახმარების მოზიდვა გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.