საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გამო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მხარეებმა მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესზე და საქართველოს მისიების და დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეების პირველადი საჭიროებებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფაზე ისაუბრეს და ასევე, მათი ეფექტიანი დახმარების მექანიზმებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე პროცესებში მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის აქტიური თანამშრომლობა და სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანია.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.