ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა – მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია – ელარჯის წელვითა და ლაქუცით, – ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.
“სამარცხვინო სანახავია რაც დაგვემართა. უკლებლივ ყველა ზემოდან გვიყურებს. ოღონდ ეს მათი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია.
მიზეზი ივანიშვილია, შედეგიც ლოგიკურია.
ჯერ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეროვნული თავმოყვარეობა და ქართველების ქვეყნიდან გამსახლებელი, გელათის მგრეველი და ახალგაზრდების მომავლის წამრთმევი ჭორვილელი ბატონი ჩამოვაცილოთ ამ ქვეყნის საჭეს და მერე მოვთხოვოთ სხვას ჩვენი სახელმწიფოსთვის ანგარიშის გაწევა.
ასე უფრო სამართლიანია“, – წერს სანიკიძე სოციალურ ქსელში.
26 ნოემბერს, ბათუმში – “ბათუმი არენაზე“, თურქულ “ბეშიქთაშსა“ და ისრაელის “ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატში ჩატარდა. თამაშის მსვლელობისას “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად უწყების სამი თანამშრომელი დაშავდა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის კი 16 პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, ყველა დაკავებული, თავისუფალია.









