„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესს ეხმაურება.
უფრო კონკრეტულად, შალვა პაპუაშვილი სასამართლოზე „ლელოს“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას აფასებს: „არის სამი სუბიექტის სანქცია: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქცია. ვამბობდით, რომ ამ სამი სუბიექტის სანქციას შევუერთდეთ განუხრელად [რუსეთის წინააღმდეგ]. დამატებით ზომების მიღება არასდროს მოგვითხოვია“.
ასევე, პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც „ლელოს“ ხელმძღვანელი, მამუკა ხაზარაძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ მკაცრი ვიზების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ვერც ერთი რუსი ვერ იყიდის ჩვენს მიწას“. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ახლა, სასამართლო პროცესზე ხდება „სასოწარკვეთილ თავის მართლება“.
“ერთ ვიდეოში მოცემული ვერდიქტი, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. სხვას რას უნდა მოველოდეთ თაღლითების პარტიისგან, გარდა იმისა, რომ რაც საარჩევნო პროგრამაში ეწერათ, შეიცხადონ, როდის გვითქვამსო? მინდა აქვე გავიხსენო ეპიზოდი ჩვენი უახლოესი ისტორიიდან. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული. პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიცია მიტინგებს მართავს და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ეს სწორედ ის მიტინგებია, ნინო ლომჯარიამ სანქციების არდაწესებით გამოწვეული სირცხვილით წვას, ბომბების ცეცხლით წვა რომ ამჯობინა.
„ლელოს“ მაშინდელმა საპარლამენტო შემადგენლობამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ახლაც მახსოვს, როგორ ვუყურებდი მაგიდის გადასწვრივ მსხდომ „ლელოს“ პარლამენტიორებს, რომლებიც რუსთაველიდან შემოსულ შეძახილებზე მითითებით, მომიწოდებდნენ, მოთხოვნები გაგვეთვალისწინებინა – უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები გაგვეგზავნა და რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა. ვუყურებდი საქართველოს ზრდასრულ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ.
მათი ეს მოთხოვნა იმავე დღეებში, სხვადასხვა უცხოელი ემისრის დაჟინებულ რჩევებს და მოთხოვნებს რატომღაც საეჭვოდ ემთხვეოდა.
პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ 2022 წელს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ჩვენი გამოცდილებაც, გარკვეულწილად, ამ სიტყვებს ადასტურებს. 2022 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად უცხო ძალების სამსახურში მყოფი ეს ჯგუფი რომ ყოფილიყო, საქართველოში ომი აუცილებლად იქნებოდა.
„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ “ნიურბერგის პროცესად”. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას. ეს კადრები გაკვეთილად უნდა დარჩეს, რათა ყველამ გაიაზროს, რას ნიშნავს უცხოს მარიონეტად და სასარგებლო იდიოტად ქცევა“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.










