ნიკა გვარამიას შეფასებას, რომ “კატასტროფაა”, რასაც “ქართული ოცნება” სარჩელში წერს, პარტიების აკრძალვის სარჩელის ავტორების გაღიზიანება მოჰყვა.
არჩილ გორდულაძემ მოსამართლეთა კოლეგიის ხელმძღვანელს მიმართა, რომ ამით გამომსვლელი მათ “შეურაცხყოფას” აყენებს.
სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა – საბოტაჟი და მოღალატე გიწერიათ 37-ჯერ, შეურაცხყოფა ეგაა! – თქვა გვარამიამ გორდულაძის საპასუხოდ, რომელიც აცხადებდა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ტერმინოლოგია „პირდაპირი შეურაცხყოფაა“.
თავის მხრივ გვარამიამ სასამართლოში თქვა, რომ შუამდგომლობაში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად სჭირდება.
„მოწმეები და მტკიცებულებები რამის დამადასტურებელი კი არ არის მხოლოდ, სამხილიც არის. მე მათი პოზიციების ნეიტრალიზაცია მინდა, მტკიცებულებები მჭირდება ჩემთვის მათ წინააღმდეგ. მათ რომ რაიმე დაადასტურონ თავისთვის ან ვერ დაადასტურონ რა ჩემი საქმეა.
მაინტერესებს, რომ პოზიციები ჩამოვიყალიბო მათთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, რასაც თხზავდნენ თვეების განმავლობაში და ამის გამო ხალხი ციხეში მოხვდა, ახლა პარტიებს აუქმებენ და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფო პოზიციებისთვის კატასტროფულ ტექსტებს წერენ, ყველა ხელმომწერია მანდ“,- განაცხადა გვარამიამ.
„შეფასებები გასაგებია, თუმცა [ნიკა გვარამიას განცხადება] „სახელმწიფოსთვის კატასტროფული რაღაცა წერია“, ვერ იქნება მისაღები მხარისთვის“ – თქვა აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ.
„მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ჩანაწერს ვაფასებ პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად და სამართლებრივად. სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა“,- განაცხადა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.










