ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში და მე რომ დამინახავენ, ნუ შეეშინდებათ და ნუღარ გაიქცევიან პოლიციაში და საჩივარს ნუ დაწერენ „ელიზბარაშვილის დანახვის შეგვეშინდაო“, – ამის შესახებ მუქარის ბრალდებით დაკავებულმა ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ის ნამდვილად დაემუქრა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს.
„მე დავემუქრე იმ შვიდ ახალგაზრდას, ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, რომელმაც რესტორანში, მეუღლესთან ერთად მარტომყოფს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. კერძოდ, ვუთხარი „მეუღლეს დავტოვებ და წავედიო“. მეუღლე დავტოვე და ჩავედი, მაგრამ იქ არ დამხვდნენ, შეეშინდათ ჩემი.
რაში მჭირდება იარაღი? იმხელა ძაღლებს ვათვინიერებ, ფსიქიკურად შეშლილ ძაღლებს და გიჟ ძაღლებს.
დავდივარ ქალაქში მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად და კიდევ რომ არ განმეორებულიყო ანალოგიური, 15 წუთი „მაკაჩავა“ 7-მა კაცმა, ცოლთან ერთად და იქ თავს ვერ ვაცემინებდი, ვუთხარი „დავტოვებ ცოლს და ჩამოვალთქო“. როგორაა ახლა ცოლის წინ შვიდი მთვრალი კაცი რომ მცემს. გავედი, დავტოვე მეუღლე, ჩამოვედი და აღარ დამხვდნენ.
მე ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდება ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში და მე რომ დამინახავენ, ნუ შეეშინდებათ და ნუღარ გაიქცევიან პოლიციაში და საჩივარს ნუ დაწერენ „ელიზბარაშვილის დანახვის შეგვეშინდაო“, – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.
ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებით მიმართა და აღიარა ჩადენილი დანაშაული, ის სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
ბიზნესმენს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც მუქარას გულისხმობს.










