როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებენ, ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება – როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა ზოგიერთი რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამართულ საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტი საბჭოთა მენტალობის ადამიანებით არის ინფილტრირებული, რომელთაც ქართველი ხალხის მიმართ აქვს ზიზღი.
“ევროპარლამენტის და მისი რეზოლუციების სერიოზულად შეფასება რთულია. უკვე მეცხრე რეზოლუციაა, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით იღებენ. აქ გასაკვირიც აღარაფერი არ არის. ვხედავთ, რომ შემოდგომა და გაზაფხულია პერიოდი, როდესაც ანტიქართულ ჯგუფებს გამწვავება ემართებათ. ერთ მხარეს არის EPP – ღირებულებით უფსკრულზე მყოფ პარტიათა გაერთიანება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ დემოკრატად მიაჩნია. მეორე მხრივ ვხედავთ გორბაჩოვის თანამებრძოლს იუკნევიაჩიანეს, ასტრახანელ გერმანელებს და ასე შემდეგ – ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან და ამით ინფილტრირებული ჰყავთ ევროპარლამენტი. უკვე 9 რეზოლუცია გვაქვს ნანახი, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ და ეს არის მესამე რეზოლუცია, სადაც ჩემი სახელი და გვარიც ამოვიკითხე.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებენ, ევროპარლამენტის შემთხვევაში ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება – ამიტომ ღირსად რომ ჩავთვალოთ, რომ რაიმე განხილვის საგანი იყოს, ჯერ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს და შემდეგ შეიძლება მათმა საუბარმა რაიმე წონა შეიძინოს.
ევროპარლამენტი საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას მოგვაგონებს – არის ერთი -ერთში იგივე ესთეტიკა. ინტერნეტში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა ზოგიერთი რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატი. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის სახალხო დეპუტატთა ყრილობის მიმართ? – როგორც მაშინ არ მივაქციეთ ყურადღება იმ ლანძღვას, რომელიც მაშინ ამ ყრილობიდან მოდიოდა, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვასა და ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ევროპარლამენტს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს. რასა იუკნევიჩიანეს ქართველები რომ ვეზიზღებით, ეს ეტყობა მის ლექსიკას, რიტორიკას და ყველაფერს – მას სტალინი პირად მტრად ჰყავს და რაკი სტალინი ქართველი იყო, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ეს ვერ მოუნელებია.
თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთო დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს – ხალხთან, რომელსაც პირდაპირი ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის ევროპარლამენტის დარბაზს იყენებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტმა საკუთარი თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუთანაბრა და “ეს არის ხალხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებს, 2-მილიონ ქართველს არაფრად მიიჩნევს და მათ არჩევანს არაფრად თვლის”.
როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპარლამენტმა 2025 წელს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა და არ აღიარებს არც მთავრობას და არც პარლამენტს.
“ამით ევროპარლამენტი ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს. ამიტომ უნდა გვესმოდეს უფსკრული და დეგრადირება, სადაც ევროპარლამენტი არის, როდესაც ის საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებს. რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, ხოლო ევროპარლამენტი – 100%-ზე. ევროპარლამენტმა საკუთარი თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუთანაბრა. ეს არის ხალხი, რომელიც 2-მილიონ ქართველს არაფრად მიიჩნევს და მათი არჩევანი მათთვის არჩევანი არ არის! ჩვენი ქვეყანა მათთვის ქვეყანა არ არის, მათთვის სახელმწიფო არა ვართ. აქვთ ჩამოყალიბებული საბჭოთა მენტალიტეტი და იმაზე უარესია ვიდრე 1989 წლის საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობა იყო – იქ სხვა აზრები მაინც ისმოდა და დებატი მაინც შედგა. ჩვენ საბჭოთა მენტალიტეტის გორბაჩოვის თანამოაზრეებს ვხედავთ, რომელთაც დრო იხელთეს და ქართველ ხალზე შურს იძიებენ. ამიტომ აქვთ პირადი ზიზღი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ანტიქართული ზიზღი და ფობია ქართველების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










