ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა – მიხელ სარჯველაძე ფაქტს ასე ხსნის: „იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული“.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებით სახელმწიფომ რამდენიმე მილიონი დაზოგა.
- იანვრიდან – აგვისტომდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი დაახლოებით 140 ათასით არის შემცირებული.
სარჯველაძე ამბობს, რომ შემწეობის მიმღები მოსახლეობის გადამოწმების პროცესი კვლავ გაგრძელდება.
ცოცხალი პროცესია თითოეული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომაც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა აკონტროლოს, ვის ესაჭიროება და ვის შესაძლოა არ ესაჭიროება ის მხარდაჭერა, იმ კრიტერიუმებს ვინ შეიძლება აკმაყოფილებდეს და არ აკმაყოფილებდეს. ამიტომ, ეს პროცესი გრძელდება, აქტიურ ფაზაშია. რაც შეეხება უშუალოდ რიცხვებს ამასთან დაკავშირებით, გადამოწმდა არა მხოლოდ 65 000[ოჯახი], არამედ გავცდით ამ რიცხვს და 80 000-ს ოჯახს აღწევს. როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, რეგისტრირებული იყო 184 000 ოჯახი, ვინც შემწეობის მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო. იცვლება, გარკვეული ქულების გადათამაშება ხდება. გადათამაშებაში იგულისხმება ის, რომ თუკი ამ დრომდე შეიძლება ვინმეს მაღალი ქულა ჰქონდეს, შემოწმების შედეგად შეიძლება დაბალი დაუფიქსირდეს ან პირიქით. სხვადასხვა ფაქტორებია. საკმაოდ რთული შეფასებაა თითოეული ოჯახის და რა თქმა უნდა, იქ არის მკაფიო კრიტერიუმები და არითმეტიკული სიზუსტით ხდება ამ ოჯახების მდგომარეობის შეფასება.
რაც შეეხება დაზოგილ თანხებს, ეს არ არის შემოწმების ერთადერთი პროცესი, ეს ბაზა აბსოლუტურად ცოცხალია, მუდმივად ცვალებადია და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვიღაც ახალი ემატება, ვიღაც გადის ამ ბაზიდან, ზუსტ რიცხვებზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული მლნ ლარზეა ლაპარაკი, რომელიც დაიზოგება, მას შემდეგ, რაც ბაზა გასწორდება. ამ ეტაპზე, გვაქვს ამის გადაჭრით თქმის შესაძლებლობა. დაახლოებით, 30 000-ზე მეტი, 35 000-მდე არის რიცხვი ოჯახების, რომლებსაც შეუწყდათ საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ არის გაუმჯობესებული“, – აცხადებს სარჯველაძე.










