იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 35 წლის კაცს რესტორანში, ჩანთის მოპარვას ედავებიან, რომელშიც 2 000 ევრო იდო.
იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 35 წლის მამაკაცი ადგილობრივ რესტორანში დანაშაულის ჩადენის ფაქტზე აიყვანეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა რესტორან Roadhouse-ში მოხდა. ქართველმა მამაკაცმა დაწესებულებაში არსებული არეულობით ისარგებლა და ბოსნიის მოქალაქეს წელის ჩანთა მოპარა, რომელშიც პირადი ნივთები და 2 000 ევრო ნაღდი ფული იდო. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა სან-დონას საგზაო პოლიციის პატრულმა, რომელიც ტერიტორიას ამოწმებდა, ის რესტორნის შესასვლელთან დააკავა. მამაკაცს მოპარული ნივთი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.
პოლიციის ცნობით, დაკავებული წარსულშიც არის ნასამართლევი. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესს დაელოდება, რომელიც დაჩქარებული წესით წარიმართება. რაც შეეხება მოპარულ თანხასა და პირად ნივთებს, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცება სრულად ამოიღეს და დაზარალებულს დაუბრუნეს.










