2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ინფორმაცას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს. ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო რეჟიმში 25 აგვისტოდან ამოქმედდა, თუმცა ნოემბრიდან მისი გაფორმება სავალდებულო გახდება.
ახალი რეგულაცია ეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ყაზახეთთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. მათ შორის არიან საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის ვიზიტორები.
უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყაზახეთში ელექტრონული შესვლის ნებართვის (ETA) ახალ წესს ითვალისწინებს „მოსახლეობის მიგრაციის შესახებ“ კანონის ახალი რედაქცია, რომელიც ძალაში 2026 წლის 25 აგვისტოდან არის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 აგვისტოდან 1 ნოემბრამდე სისტემა სატესტო რეჟიმში იმუშავებს: ETA-ს არქონა არ გამოიწვევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, თუმცა უცხოელებს გააფრთხილებენ, რომ შემდეგ ჯერზე ნებართვის გარეშე აღარ შეუშვებენ.
- განაცხადის ვადა: ელექტრონული ნებართვის შევსება სავალდებულოა წინასწარ – საზღვრის გადაკვეთამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე, QazETA-ს ციფრული პლატფორმის მეშვეობით.
- უვიზო რეჟიმი: ETA არ აუქმებს არსებულ უვიზო რეჟიმს და არ ცვლის ქვეყანაში ყოფნის ნებადართულ ვადებს.
- ღირებულება: მომსახურება ფასიანი იქნება. წინასწარი მონაცემებით, ნებართვის საფასური წინასწარი გაფორმებისას დაახლოებით 3 900 ტენგეს (9 დოლარი) შეადგენს, ხოლო უშუალოდ საზღვარზე — 7 600 ტენგეს (17 დოლარი)
- ეტაპობრივი დანერგვა: პირველ ეტაპზე მოთხოვნა მხოლოდ ავიამგზავრებზე გავრცელდება, მოგვიანებით კი ის სახმელეთო და სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთისასაც სავალდებულო გახდება.
აღსანიშნავია, რომ ამ რეგულაციისგან თავისუფლდებიან დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელები, აგრეთვე ოფიციალური დელეგაციების წევრები.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებისმიერი ნებადართული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით. საქართველოს მოქალაქეს ყაზახეთის ტერიტორიაზე შეუძლია შევიდეს და იმყოფებოდეს ვიზის გარეშე საზღვრის გადაკვეთის დღიდან 90 დღის განმავლობაში.










