არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი – ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საკითხით სპეკულაცია ხდება და აცხადებს, რომ „არავის უსურვებდა, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური ინსინუაციებისთვის ხდებოდეს“.
„ზოგადად, სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. მე ვისურვებდი, რომ სამართლებრივი პასუხები გაეცეს სამართლებრივი საკითხს, თუ სამართლებრივ პრეტენზიებთან, რომელიც აქვს პროკურატურას თუ გამოძიებას. ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები სხვადასხვა დროს გვინახავს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი. ამ ბრალს სჭირდება პასუხი. ვფიქრობ, სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია.
ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ვიცით, ვინ იყენებს ამ მეთოდებს და წლებია, შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიების გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება თუ სხვა სახის. რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მგონი, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ განცხადებებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს, აჩვენებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არასწორი გზა აირჩია“.
„ახლა ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს. მათ არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების უნარი არ აქვთ. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ, იმიტომ რომ თვითონ ვერაფერ კარგს ვერ აკეთებენ. თუკი ვინმე რაიმეს გაფუჭებას შეეცდება, ცდილობენ, ამ გაფუჭებაში „ჩაეწილონ“. დღეს ოპოზიციის მთელი აქტივობა და დღის წესრიგი ისაა, რომ შეჰყურებენ სხვას – „ჩაეწილონ“ კარგში და ცუდი უფრო მეტად გაამძაფრონ,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას – პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მან თავად ახსნა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე.
„საბედნიეროდ ეს მცდელობა იყო წარუმატებელი, თუმცა მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილიც ჰქონდა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ყველა ამ ინსინუაციას აქვს პასუხი, არც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც არის ბურუსით მოცული, ან გაუგებარი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.
ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”.
„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, “რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?” და ამბობს, რომ საზოგადოებაში “დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.










