მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს, – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
კერძოდ, გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს კანონპროექტის შემუშავებას და პარლამენტში წარდგენას, რომლის მიზანიც ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაშიც იყო საუბარი.










