ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძის გადადგომაზე, ირაკლი ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებს. ამის შესახებ იურისტმა “პირველებს” განუცხადა.
ლილი გელაშვილის თქმით, მომდევნო წერილში ექს-პრემიერი დეტალურად ისაუბრებს მამუკა მდინარაძის შესახებ – “წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას”.
ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს “არ ეგონა, რომ ასეთი ტყუილების კასკადი იქნებოდა” მის მიმართ.
რასაც შეეწირა [მდინარაძის თანამდებობა] და ახლა თქვენ წერილი ახსენეთ, ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ისევ გამოაქვეყნებს წერილს და დეტალურად ისაუბრებს სწორედ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. არა [მდინარაძეს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია], მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთან ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ღარიბაშვილი პატიმარია, მისი ერთადერთი კომუნიკაცია ახლა ეს არის წერილების ფორმა და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას.
მხარდაჭერის მოლოდინი მას არ ჰქონდა, უბრალოდ ის მოლოდინი, რაც მოხდა მის მიმართ, არ ეგონა რომ ასეთი ტყუილების კასკადი იქნებოდა მის მიმართ და ცრუ ბრალდებები, აი ამას ნამდვილად არ ელოდა.
როგორ ფიქრობთ ახლა ღარიბაშვილი, აქ, ამ რეჟიმში, ამ პირობებში რომ ზის ციხეში ცრუ ბრალდებით, გულდაწყვეტილი არ იქნება და კარგად არის? ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე ერთგული ადამიანი, საზოგადოებას მივმართავ, ვინმეს გეგულებათ, ან გეგულებოდათ, ან დღესაც გეგულებათ ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი? ეს კითხვა მაქვს თქვენს კითხვაზე. რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას და აქედან დასკვნა. ის არის, იყო ყველაზე ერთგული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის,” – ამბობს ლილი გელაშვილი.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. გამართულ ბრიფინგზე მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, “ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს”.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.










