ვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება – ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კოალიცია ვახო სანაიას ფეისბუქ პოსტის გამო დაკავებას ეხმიანება.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია Formula • ფორმულა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას.
22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობია შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმავე მიზეზით ჟურნალისტის 6 000 ლარით დაჯარიმება.“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება.” – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.










