ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა.
4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 8 სექტემბრამდე გადაიდო.
მერაბ სარალიძის ადვოკატის მარიამ პატარიძის განცხადებით, მაღაროელები საბოლოო სიტყვით 8 სექტემბრის სხდომაზე ისარგებლებენ და შესაძლოა, განაჩენიც გამოცხადდეს.
საქმეს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს.
საქმე 2025 წლის 29 აპრილს ჭიათურაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რის შემდეგაც ოთხი მაღაროელი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – 4 წლითა და 3 თვით.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ ძალადობას, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის ავტომობილს და მოგვიანებით მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ამ დროისთვის ჭიათურაში პროტესტი კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები კარვებში რჩებიან და დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას, ასევე შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ.










