აშშ-ის ილინოისის შტატში, 15 წლის სკოლის მოსწავლეს და მის 16 წლის შეყვარებულს ბრალი წაუყენეს ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
„ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, დანაშაული აღმოსავლეთ სენტ-ლუისში სამ მისამართზე მოხდა. მსხვერპლნი იყვნენ გოგონას ნათესავები, 21-დან 74 წლამდე ასაკის, მათ შორის მისი ბებია, დეიდა, ორი ნახევარდა და ბიძაშვილი. პოლიციამ თავდასხმებს მიზანმიმართული უწოდა.
მოზარდები 12 ივლისს დააკავეს მანქანებით დევნის შემდეგ. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ გოგონა სახლიდან გაიქცა და ოჯახის კუთვნილი იარაღი წაიღო.
სკოლის მოსწავლის მამამ განაცხადა, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, მას ოჯახთან კონფლიქტი ჰქონდა აკადემიური საკითხებისა და საშინაო სწავლებაზე გადასვლის გამო. თუმცა, სამართალდამცავ ორგანოებს ეს დანაშაულის მოტივად ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებიათ.
გოგონას საქმეს თავდაპირველად არასრულწლოვანთა სასამართლო განიხილავს, თუმცა პროკურორები ზრდასრულთა იურისდიქციაში გადაცემას გეგმავენ. მის 16 წლის შეყვარებულს 12 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის პირველი ხარისხის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ხუთი შემთხვევა.
გამოძიება გრძელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ ამჟამად ქალაქის სხვა მცხოვრებლებისთვის საფრთხე არ არსებობს.










